ილია დარჩიაშვილი უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით 22-23 თებერვალს დაგეგმილ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მეთერთმეტე სპეციალური სესიის მეჩვიდმეტე პლენარულ შეხვედრაში.
ილია დარჩიაშვილი სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს. სესიის ფარგლებში დაგეგმილია განხილვა გაერო-ს ფარგლებში ინიცირებული რეზოლუციის პროექტის – „გაერო-ს ქარტიის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში“.
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის პრეზიდენტთან, ჩაბა კოროშისთან და კოლეგა მინისტრებთან.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.