ილია დარჩიაშვილი - უკრაინა ომშია, განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება პარტნიორების, ეს არის მიზეზი, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები განსაკუთრებულად უჭერენ მას მხარს
უკრაინა დღეს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა. ქვეყანა არის ომში, მას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება ჩვენი პარტნიორების. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები განსაკუთრებულად უჭერენ უკრაინას მხარს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ვილნიუსში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დარჩიაშვილს ჰკითხეს: „რატომ იჯდა საქართველო ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვასთან ერთად ფორმატში და არა უკრაინასთან?“
„ამ ყველაზე რთულ პირობებში ეს არის განსაკუთრებული ბონუსი უკრაინისთვის, რათა მან შეძლოს თვისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის განმტკიცება, საკუთარი თავის დაცვა და გაძლიერება.
რაც შეეხება საქართველოს, საქართველოსთვის ძალიან საინტერესო ჩანაწერია კომუნიკეში, ეს არის ახალი იმპულსი ჩვენი ურთიერთობების. საქართველო ძალიან ძლიერად არის მხარდაჭერილი პარტნიორების მხრიდან, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. ხაზგასმულია ჩვენი ქვეყნის ძალისხმევა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით ძალისხმევის გაწევას, რათა ჩვენს ხელთ არსებულმა ყველა მექანიზმმა მოიტანოს კონკრეტული შედეგები იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს პროგრესირებადი ინტეგრაცია ნატო-ს მიმართულებით“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.