საგარეო უწყება - ილია დარჩიაშვილმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ გამოთქვეს მზადყოფნა, იმუშაონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლასა და საქართველო-თურქეთის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრის ორგანიზებაზე
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას და გამოთქვეს მზაობა, აქტიურად ითანამშრომლონ საქართველო-თურქეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.
„აღინიშნა თურქეთის ხმამაღალი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის კრიზისს და რეგიონში შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოს. მინისტრებმა აღნიშნეს თურქეთის განსაკუთრებული როლი მოლაპარაკების პროცესში და ანკარას შემდგომი ძალისხმევა ამ მიმართულებით.
მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, იმუშაონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლასა და საქართველო-თურქეთის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრის ორგანიზებაზე. ყურადღება ასევე გამახვილდა ორი ქვეყნის წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, კოლეგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.