საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ სტამბოლში თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წარმატებით ვითარდება მრავალი მიმართულებით და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისა და რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით.
„მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის ურთიერთკავშირების გააქტიურებას. კიდევ ერთხელ დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს თურქეთის რესპუბლიკაში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად იმუშაონ მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელების თვალსაზრისით, ამ მხრივ საუბარი შეეხო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტს საქართველოში.
მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს, რომელიც ყოვლისმომცველი ფორმატია მრავალმხრივი მიმართულებით ურთიერთობების განსამტკიცებლად და იმედი გამოითქვა ახლო მომავალში საბჭოს ფორმატში შეხვედრის შესაძლებლობის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს და მათი შემდგომი განვითარების დიდ პოტენციალს. აღინიშნა ამ მხრივ უკვე მიღებული წარმატებული შედეგები, მათ შორის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა. მინისტრები შეთანხმდნენ, უწყებების დონეზე იმუშაონ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ბიზნეს კავშირების გამყარებისთვის. დაიგეგმა საქართველო-თურქეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური საბჭოს მორიგი შეხვედრის ჩატარება.
მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის ურთიერთმხარდაჭერის მაღალი დონე. ილია დარჩიაშვილმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა თურქეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც თურქეთის ხმამაღალი პოზიციისთვის საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ. მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ამ მხრივ ხაზი გაესვა თურქეთის ძალისხმევას რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
საგარეო უწყების ცნობით, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას თავის მხრივ აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის პროცესში.
„ამ მხრივ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა თბილისში გამართულ პირველ შეხვედრას აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მომავალშიც პოზიტიურ როლს შეასრულებს კონკრეტულად ამ პროცესსა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში.
საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის ურთიერთობებს და განსაკუთრებულად აღნიშნეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი და მის ფარგლებში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები, რომლებიც წარმატებით ვითარდება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მჭიდრო ხალხთაშორის კავშირებს და მინისტრები მიესალმნენ ამ მიმართულებით შესაბამისი უწყებების წარმატებულ თანამშრომლობას. კმაყოფილებით აღინიშნა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 30 წლისთავი. მინისტრებს საჩუქრად გადაეცათ თურქეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, სპეციალურად საიუბილეო თარიღისთვის დამზადებული სამახსოვრო მედალიონი“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.