ილია დარჩიაშვილი - სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, გამარტივებულად გადაკვეთონ ორი ქვეყნის საზღვარი, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დაახლოებასა და ურთიერთობების გაღრმავებას
ილია დარჩიაშვილი - სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, გამარტივებულად გადაკვეთონ ორი ქვეყნის საზღვარი, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დაახლოებასა და ურთიერთობების გაღრმავებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სომხეთის რესპუბლიკაში განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივების დოკუმენტს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომ, ერთი მხრივ, შეფასდეს ის ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც გასული წლის განმავლობაში არსებობდა ორ ქვეყანას შორის და, მეორე მხრივ, დაიგეგმოს, იდენტიფიცირება მოხდეს იმ მნიშვნელოვანი საკითხების, რომლებიც არის დღის წესრიგში. კომისიის მუშაობის შედეგად, უკვე მომავალ წელს იმ იდენტიფიცირებული საკითხების გარშემო უნდა მოხდეს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივების დოკუმენტს. ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს უკვე  შეეძლებათ, გამარტივებულად, ID ბარათებით გადაკვეთონ ორი ქვეყნის საზღვარი, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ეკონომიკური კომისიები ორ ქვეყანას შორის. ამ კომისიებს უკვე ტრადიციული სახე მიეცა, რაც ძალიან ეხმარება შესაბამის სამინისტროებს, რომ მათი მუშაობა იყოს კიდევ უფრო შედეგიანი, კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მომტანი ორივე ქვეყნისთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.