ილია დარჩიაშვილი სლოვენიის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ტანია ფაიონს შეხვდა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-სესიის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ტანია ფაიონს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ხაზი გაესვა სლოვენიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისა და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართ.
მინისტრმა სლოვენიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯების და განხორციელებული რეფორმების შესახებ, ასევე გააცნო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა. განხილული იქნა რეგიონში შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო და, აღნიშნულის გათვალისწინებით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ქვეყანებს შორის ორმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის მზარდი პოტენციალი და ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.