საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანჟე ლოგარს შეხვდა.
მინისტრებმა აღნიშნეს საქართველოსა და სლოვენიის გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები, ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის, რაც არაერთხელ დაფიქსირდა მათ შორის უმაღლეს დონეზე. აღინიშნა, რომ სლოვენიისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო და იგი მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატო-ში ყველა შესაბამის ფორმატში.
მინისტრმა სლოვენიელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, ასევე რეგიონში შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრები შეთანხმდნენ შეინარჩუნონ თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა და ხელი შეუწყონ დარგობრივი კავშირების გაღრმავებას.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.