ილია დარჩიაშვილი სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფება სლოვაკეთის რესპუბლიკაში, სადაც სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, რასტისლავ კაჩერს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგი, ისე გლობალური საერთაშორისო გარემო და რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლას, რაც ხელს უწყობს კავშირების გამყარებას.
შეხვედრაზე აღინიშნა სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი და ხაზი გაესვა ამ გზაზე საქართველოს პროგრესის სათანადოდ ასახვის მნიშვნელობას. ამ ჭრილში, საუბარი წარიმართა სლოვაკეთის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზე, მათ შორის სლოვაკეთის ექსპერტულ და ანალიტიკურ წრეებთან მჭიდრო კოორდინაციაზე. ორი ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობის განვითარებაზე მსჯელობისას, მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროზე, ამ მხრივ არსებულ დიდ პოტენციალზე და გამოთქვეს მზადყოფნა, მიმართონ ძალისხმევა ორი ქვეყნის ბიზნესწრეების დასაახლოებლად. ასევე, აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი ევროპისთვის განახლებადი ენერგორესურსების მიწოდებისა და ალტერნატიული ენერგომარშრუტების ამოქმედების თვალსაზრისით.
რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სლოვაკეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საერთო ჯამში, შეხვედრაზე მკაფიოდ გამოიკვეთა ორი ქვეყნის მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში.
შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ოქმს, რაც ითვალისწინებს საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო უწყებების მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. დოკუმენტით აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მხარდაჭერილია ქვეყნის მიზანი – გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.