ილია დარჩიაშვილი სლოვაკ კოლეგას შეხვდა
ილია დარჩიაშვილი სლოვაკ კოლეგას შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა სლოვაკ კოლეგასთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა რატისლავ კაჩერს მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მინისტრობის პერიოდში ორივე ქვეყნის ძალისხმევა მიმართული იქნება საქართველო-სლოვაკეთის ტრადიციული მეგობრობისა და პარტნიორული კავშირების გამყარებისკენ.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა სლოვაკეთის ტრადიციულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი და აღნიშნეს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მნიშვნელობა ამ გზაზე.

მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა, აღინიშნა სლოვაკეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

მინისტრებმა ასევე აღნიშნეს წარმატებული თანამშრომლობა გაერო-ს ფარგლებში. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა გაეროში საქართველოს რეზოლუციის თანასპონსორობისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მინისტრმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მიიწვია.