ილია დარჩიაშვილი შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, მარტინ კანდინასს შეხვდა
შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ქვეყნის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, მარტინ კანდინასს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი შვეიცარიაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ ქვეყანას შორის არსებულ შესანიშნავ ურთიერთობებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.
„ილია დარჩიაშვილმა ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას და ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა 2022 წლის ოქტომბერში შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის, ირენ კელინის ვიზიტი საქართველოში, რაც გახლდათ შვეიცარიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური.
ასევე, დადებითად შეფასდა საქართველოსა და შვეიცარიის პარლამენტებში არსებული მეგობართა ჯგუფების მუშაობა. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის ომზე უკრაინაში და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. განხილულ იქნა საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი და სამომავლო პერსპექტივები.
ილია დარჩიაშვილი 19-20 ივნისს შვეიცარიის კონფედერაციაში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.