ილია დარჩიაშვილი შვეიცარიელ კოლეგას შეხვდა
ილია დარჩიაშვილი შვეიცარიელ კოლეგას შეხვდა

შვეიცარიის კონფედერაციაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იგნასიო კასისს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები.

„ილია დარჩიაშვილმა იგნასიო კასისს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოქალაქეებს შორის  შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროექტებში შვეიცარიის კონტრიბუციისთვის. აღინიშნა, რომ შვეიცარიის დახმარება დღევანდელ გამოწვევებით სავსე გარემოში კიდევ უფრო დიდ დატვირთვას იძენს.

ხაზი გაესვა ბოლო წლებში საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების გამართვის პოზიტიურ დინამიკას. ამ კონტექსტში აღინიშნა 2023 წლის იანვარში დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შვეიცარიის პრეზიდენტის შეხვედრა.

მინისტრებმა განიხილეს რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი რთული ვითარება უსაფრთხოების კუთხით. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას ევროპის კონტინენტისთვის და რეგიონში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის აუცილებლობას.

საუბარი შეეხო საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმისა და ვაჭრობის მიმართულებით.

აღინიშნა, რომ შვეიცარიული კომპანიები წარმატებით ოპერირებენ საქართველოში, ამასთან გაზრდილია როგორც ვაჭრობის დინამიკა, ისე  შვეიცარიიდან საქართველოში მომავალი ვიზიტორების რაოდენობა. დადებითად შეფასდა 2023 წლის ივნისში შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო მდივნის ელენ ბუდლიგერ არტიედას და მის თანმხლები ბიზნესდელეგაციის ვიზიტი საქართველოში.

ხაზი გაესვა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, SDC-ს მრავალწლიან საქმიანობას საქართველოში, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ განვითარებაში.

საუბარი, ასევე, შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას.

ილია დარჩიაშვილი 19-დან 20 ივნისის ჩათვლით შვეიცარიის კონფედერაციაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას ასევე გამართავს შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან და ქ.ბერნის მერთან“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.