შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შვედმა კოლეგამ უმასპინძლა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა და ტობიას ბილსტრომმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი და მისი გაღრმავების შესაძლებლობები.
„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, ამ პროცესში მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს. მინისტრმა შვედ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე.
პოზიტიურად შეფასდა ევროკომისიის ანგარიში, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს მიერ მთელი რიგი მიმართულებებით მიღწეულ პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. შვედეთის მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გზაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესი შვედეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტად რჩება და გამოხატა მზადყოფნა, მომავალშიც დაეხმაროს საქართველოს რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. ამ კუთხით, კიდევ ერთხელ აღინიშნა შვედეთის როლი და მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო არსებითია ევროკავშირის საბჭოში შვედეთის თავმჯდომარეობის გათვალისწინებით.
საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატსაც. მინისტრებმა გაცვალეს ფორმატის მომავალთან დაკავშირებული მოსაზრებები იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით, რომელიც განპირობებულია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მისწრაფებით ევროკავშირისკენ.
ასევე, მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. შვედეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.