ილია დარჩიაშვილი - შესაძლებლობა მქონდა, ბრიუსელში მესაუბრა 12 პუნქტის შესრულების კუთხით ჩვენს ძალისხმევაზე და იმ ხელშესახებ შედეგებზე, რომლებიც უკვე გვაქვს
ილია დარჩიაშვილი - შესაძლებლობა მქონდა, ბრიუსელში მესაუბრა 12 პუნქტის შესრულების კუთხით ჩვენს ძალისხმევაზე და იმ ხელშესახებ შედეგებზე, რომლებიც უკვე გვაქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, „ასოცირებული ტრიო“ განაგრძობს განვითარებას. მისივე თქმით, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ისწრაფვიან, გადადგან შემდგომი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე.

ამასთან, როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ისაუბრა იმ ძალისხმევის შესახებ, რაც საქართველომ რეკომენდაციების შესრულების კუთხით გაწია.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მხოლოდ ევროპული პერსპექტივა აქვს მიღებული, არ მქონია განწყობა, რომ სამეული დიფერენცირებულია. ჩვენი კოლეგების განცდაა, რომ საქართველო არის ნაწილი „ასოცირებული ტრიოსი“, სამეული აგრძელებს განვითარებას, სამეული არის პერსპექტიული ქვეყნების გაერთიანება, რომლებმაც მომავალში უნდა გადადგან ახალი ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ჩვენს შემთხვევაში, შესაძლებლობა მქონდა, მესაუბრა ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევაზე, რომელიც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას; იმ ხელშესახებ შედეგებზე, რომლებიც უკვე გვაქვს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო ნაწილია გაფართოების პოლიტიკის. ჩვენ სხვა სივრცეში, სხვა განზომილებაში არ ვართ და ეს განწყობა არის ცალსახა, რადგან საქართველო არ არის დიფერენცირებული, საქართველო არის გაფართოების ნაწილი. მოხარული ვართ, რომ სწორედ ეს განწყობა მივიღეთ ჩვენი პარტნიორებისგან.  საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც ისწრაფვიან, გადადგან შემდგომი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.