ილია დარჩიაშვილი - შეფასებებში განსხვავება გაუგებარ გზავნილებზეა დამოკიდებული, რომელიც საქართველოდან მიდის, მოვა დრო და ყველა დარწმუნდება, რომ არჩევნები ნამდვილად გამოხატავდა ხალხის ნებას
არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ემოციური ფონია, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანაში ყოფილიყო კონკურენტუნარიანი არჩევნები, მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტებით, რომელმაც კონკრეტული შედეგები დადო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
ილია დარჩიაშვილი მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ისეთი საფუძველმოკლებული განცხადებებისგან, რომლებიც აზიანებს ქვეყანას და შეცდომაში შეჰყავს ქვეყნის პარტნიორები.
„არჩევნების შემდეგ ქვეყნის შიგნით ალბათ ემოციური ფონია. მოვუწოდებ ყველას, მიიღონ მოცემულობა. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანაში ყოფილიყო კონკურენტუნარიანი არჩევნები, ყოფილიყო მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტებით, რომელმაც კონკრეტული შედეგები დადო. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ ისეთი საფუძველმოკლებული განცხადებებისგან, რომლებიც ქვეყანას აზიანებს და შეცდომაში შეჰყავს ჩვენი პარტნიორები“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის მთავრობას ყველა კითხვაზე აქვს პასუხი.
„ვინმეს თუ რამე აინტერესებს, დასვას დამატებითი კითხვები, მზად ვართ, გავცეთ პასუხები. პარტნიორების შეფასებებში აზრთა სხვადასხვაობა დამოკიდებულია იმ გაუგებარ გზავნილებზე, რომლებიც ჩვენი ოპონენტების მხრიდან მიდის საქართველოდან. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველას, თავი დაანებონ საკუთარი პოლიტიკური ვიწრო ჭრილიდან პროცესის ყურებას, თავი დაანებონ პარტნიორების შეცდომაში შეყვანას, რადგან ეს აზიანებს ქვეყანას, ქვეყნის მომავალ განვითარებას. მოვა დრო, ყველა დარწმუნდება, რომ საქართველოში ნამდვილად იყო კონკურენტუნარიანი არჩევნები, რომელმაც ზუსტად გამოხატა ქართველი ხალხის ნება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, ემოციური ფონი გადაივლის და ოპოზიციის წევრებს მოუწევთ საკუთარ ამომრჩეველს გასცენ პასუხი ცრუ მოლოდინების გამო, რომელიც შეუქმნეს.
„დარწმუნებული ვარ, ემოციური ფონი გაივლის და ყველას მოუწევს, მიიღოს ეს მოცემულობა, რეალობა, რადგან ეს არის ჭეშმარიტი მოცემულობა და მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, გადადონ გვერდზე ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და გაუფრთხილდნენ ქვეყნის რეპუტაციას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.