ილია დარჩიაშვილი - სატრანსპორტო-ენერგეტიკული დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზრდილია, უნდა განვავითაროთ ეს შესაძლებლობა
დღევანდელი კომპლექსური საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის გათვალისწინებით, საგრძნობლად არის გაზრდილი სატრანსპორტო-ენერგეტიკული დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა, განსაკუთრებით აქტუალური გახდა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ე.წ. შუა დერეფნის საკითხი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველომ უნდა განავითაროს სატრანსპორტო-ენერგეტიკული შესაძლებლობები.
„ჩვენ უნდა განვავითაროთ ეს შესაძლებლობა, რომელსაც ეკონომიკური მოცემულობის გარდა ქვეყნისთვის ასევე უსაფრთხოების უფრო ფართო დატვირთვა გააჩნია. სწორედ ამიტომ, საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ევროკავშირთან ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული დაკავშირებადობის მიმართულებით მუშაობის გააქტიურება. ამ კუთხით საქართველოს საკვანძო როლის დადასტურებას წარმოადგენს 2022 წელს ბუქარესტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა, რომლის მნიშვნელობასაც ცხადია, ხაზს უსვამს ქალბატონი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მონაწილეობა და მისი საჯარო მხარდაჭერა ამ პროექტის მისამართით. ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გარდა და საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან აქტორად ფორმირებამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ორმხრივი და მრავალმხრივ ფორმატებში რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება. შესაბამისად ძალისხმევა მიმართული იქნება ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აზიის ქვენებთან სტრატეგიულ პოლიტიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება და გაძლიერება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.