ილია დარჩიაშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან, მელინე არაკელიანთან.
ილია დარჩიაშვილმა ნიდერლანდელ დიპლომატს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც ბოლო პერიოდში მზარდი დინამიკით გამოირჩევა როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. ილია დარჩიაშვილმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაგრძელებასა და კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.