ილია დარჩიაშვილი - საქართველოსა და სომხეთს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებთ, დარწმუნებული ვარ, არარატ მირზოანის ვიზიტი ახალ იმპულსს მოიტანს ჩვენს ურთიერთობებში
საქართველოსა და სომხეთს განსაკუთრებული მეგობრობა და კეთილმეზობლობა აკავშირებთ, რომელიც საუკუნეებს ითვლის. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის დღევანდელი ვიზიტიც ახალ იმპულსს მოიტანს ჩვენს ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით სომხეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა.
„აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა, ახალი ეტაპი გარდამტეხად აისახა ჩვენს მრავალმხრივ თანამშრომლობაზე. დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადე გაერო-ს რეზოლუციის ისტორიული მხარდაჭერისთვის, რომელიც ადასტურებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის დაბრუნების უფლებას აფხაზეთსა და ცხინვალში, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, სომეხ კოლეგასთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
„საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ინტენსიურ მრავალგანზომილებიან თანამშრომლობაზე. სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია, ხოლო ტურიზმის მიმართულებით – პირველ სამეულში. განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულება ამ საკითხებზე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რომელსაც სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის. ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე, ხაზი გავუსვით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ამ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და მშვიდობიან თანაცხოვრებას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ამასთან, ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს.
„მზად ვართ, ჩვენი მეზობლების საჭიროებისა და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში გავაგრძელოთ წვლილის შეტანა კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობისა და რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობის უზრუნველსაყოფად. მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შორის მშვიდობიანი გზით მიღწეულ ისტორიულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების შესახებ, იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს.
ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, მიმდინარე მოვლენებზე მესაუბრა მინისტრთან, ვისაუბრეთ სხვადასხვა გამოწვევაზე, რომელიც ქვეყანას აქვს, მიმდინარე ოკუპაციაზე და იმ სირთულეებზე, რომელიც ამ პროცესიდან მომდინარეობს და ასევე, ვისაუბრეთ მომავალ პერსპექტივებზე, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, რომელიც ასევე საინტერესო აღმოჩნდა ჩემი კოლეგისთვის. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ სანდო პარტნიორობისთვის და ბრწყინვალე თანამშრომლობისთვის. ჩვენს ერებს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაძლევს მყარ საფუძველს, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.