ილია დარჩიაშვილი - საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების განვითარება მნიშვნელოვანია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის წარმატებისთვის
ილია დარჩიაშვილი - საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების განვითარება მნიშვნელოვანია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის წარმატებისთვის

2023 წლის 16 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული კავშირების განმტკიცების, ახალი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისა და სხვადასხვა დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მიმდინარე წელს ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მიზნით აქტიურად იქნა გამოყენებული როგორც ორმხრივი ფორმატები, ასევე მრავალმხრივი ფორუმებიც, რომლის ფარგლებშიც შედგა საგარეო უწყების ხელმძღვანელის ორმხრივი შეხვედრები არაერთ ევროპელ კოლეგასთან. მინისტრის თქმით, თბილისს ვიზიტით ეწვია ავსტრიის კანცლერი, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, დანიის, ნორვეგიის, ხორვატიის, პოლონეთის, ჩეხეთის, უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები და ა.შ. ასევე, პროაქტიულად განხორციელდა საქართველოს უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირების ორმხრივი შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები ევროკავშირის ყველა ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში და ნაყოფიერად იქნა გამოყენებული პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატიც.

ქვეყნის პირველმა დიპლომატმა თავის გამოსვლაში გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ვიზიტის და მათი მხრიდან დაფიქსირებული ღია პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სადაც გერმანელმა და ფრანგმა დიპლომატმა განაცხადეს, რომ საქართველო არის ევროპა და საქართველოსა და ქართველი ხალხის ადგილი ევროპაშია. ევროპის ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატებზე საუბრისას მინისტრმა „ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის“ ფორმატში, მარტში ჩატარებული სამმხრივი კონსულტაციების მნიშვნელობაც აღნიშნა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, უპრეცედენტოდ ინტენსიურ ხასიათს ატარებდა ორმხრივი ურთიერთობები გაერთიანებულ სამეფოსთან. ამ მხრივ აღინიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის ვიზიტი თბილისში, რომელიც მრავალი წლის შემდგომ პირველად განხორციელდა და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის სტრატეგიულ პარტნიორობას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, განვითარების მაღალ საფეხურზე გადავიდა ორმხრივი ურთიერთობები იტალიასთან, სადაც ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას ქართულ-იტალიური მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ, რაც მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებას პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის და კულტურის სფეროებში. ასევე, ყურადღება გამახვილდა, ევროკავშირის საბჭოს ესპანეთის მომავალი თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, ესპანეთთან თანამშრომლობაზე.

ილია დარჩიაშვილის შეფასებით, ქართულ-ავსტრიულ ურთიერთობებში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იყო ავსტრიის ფედერალური კანცლერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რაც გახლდათ ავსტრიის მხრიდან რეგიონში საქართველოს, როგორც გეოსტრატეგიული პარტნიორის, პირდაპირი აღიარება და საქართველოს ეროვნული ინტერესებისადმი ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ასევე პირველი ვიზიტით ეწვია ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ნორვეგიისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტების ფარგლებში საქართველოში ნორვეგიისა და დანიის დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნაზეც ისაუბრა, რაც ნათლად მიანიშნებს საქართველოს სტრატეგიულ როლზე რეგიონში. ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ევროპული პერსპექტივის გათვალისწინებით, განსაკუთრებული დატვირთვის იყო საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი შვედეთში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის კონტექსტში და ასევე შვედეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის – კრონპრინცესა ვიქტორიას ისტორიული ვიზიტი თბილისში, ვინაიდან დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს პირველად ეწვია ოფიციალური ვიზიტით ევროპული სამეფო ოჯახების წარმომადგენელი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ბენელუქსის ქვეყნებთან აქტიურ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა ქვეყნებს შორის უმაღლესი და მაღალი დონის მნიშვნელოვანი შეხვედრები.

ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საანგარიშო პერიოდში ვიშეგრადის ქვეყნებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ტრადიციულად მჭიდრო დიალოგი გაგრძელდა პოლონეთთან, ისევე როგორც ინტენსიური იყო მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა ჩეხეთის რესპუბლიკასთან, რომელიც 2022 წლის მეორე ნახევარში ასრულებდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ფუნქციას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრეთთან ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც ითვალისწინებს ორმხრივ ურთიერთობათა მაღალ დონეზე აყვანას.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, არსებულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მეტი აქტუალობა შესძინა რუმინეთთან შავი ზღვის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისების და შავი ზღვის საშუალებით დაკავშირებადობის გაზრდის მიმართულებით თანამშრომლობას.

საქართველოს პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ილია დარჩიაშვილმა ბალკანეთის ქვეყნებთან მზარდი დინამიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განსაკუთრებით აღნიშნა საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და ხორვატიაში საქართველოს საელჩოს გახსნა 2023 წლიდან, რაც წარმოადგენს ბალკანეთის რეგიონში საქართველოს გაზრდილ ჩართულობას.

მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ორმხრივ ურთიერთობებს მოლდოვასთან, რაც, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანი იყო ევროინტეგრაციის გზაზე ერთობლივი ძალისხმევის კონსოლიდაციის თვალსაზრისით. ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო აქტიურად მონაწილეობდა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამ-ის ფარგლებში პოლიტიკური დიალოგის განმტკიცებისკენ, დარგობრივი თანამშრომლობისკენ, მათ შორის, სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელების საქმეში.