ილია დარჩიაშვილი - საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია საკონსულო სერვისების მუდმივი გაუმჯობესება
საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საკონსულო სერვისების მუდმივი გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც საქართველოს საკონსულო დაწესებულებების არეალის გაფართოების, ასევე საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების მიმართულებით. დარჩიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მსოფლიოს 64 ქვეყანაში უკვე ჰყავს 85 საპატიო კონსული. მინისტრის თქმით, ახალი საკონსულო დაწესებულებების გახსნა, ისევე როგორც საპატიო კონსულის ინსტიტუტი, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების უფრო ეფექტიან დაცვას ემსახურება.
მინისტრმა საკონსულო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების პრიორიტეტულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, განხორციელდა საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის მასშტაბური განახლება, ასევე მიმდინარეობს ვებგვერდის დეველოპინგის პროცესი. თითოეული ინოვაციის მიზანი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის კომფორტული სერვისის შეთავაზება, ბიუროკრატიული პროცედურების შემცირება და მომსახურებისა და ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.
პარლამენტის წინაშე გამოსვლისას დარჩიაშვილმა საქართველოს მოქალაქეებისათვის თავისუფალი გადაადგილების არეალის გაფართოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გაზრდა არა მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთანაც. მინისტრის ინფორმაციით, 2022 წელს ძალაში შევიდა უვიზოდ მიმოსვლის შეთანხმებები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და კამბოჯასთან, ხელი მოეწერა უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას სენტ ლუსიასთან. ინიცირებულია უვიზო მიმოსვლის შეთანხმებები ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასა და ნამიბიასთან. შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები უვიზო მიმოსვლის შეთანხმებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს შემდეგ ქვეყნებთან: ფილიპინების რესპუბლიკა, ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფო, ირლანდია, ჰონდურასი და პერუ.
როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, უვიზო მიმოსვლის არეალის გაფართოება ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებასა და მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან წვდომის ხელშეწყობას ემსახურება.