ილია დარჩიაშვილი - საქართველოს საგარეო პოლიტიკა სამხრეთ მეზობლებთან მიმართებაში ორიენტირებულია დაბალანსებულ, პარტნიორულ ურთიერთობებსა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე
სამხრეთ მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალანსებულ, პარტნიორულ ურთიერთობებსა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, საქართველოს მიზანია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილმეზობლობისა და დინამიური განვითარების ხელშეწყობა.
„როგორც პრემიერის მიერ გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას გაჟღერდა, აუცილებელია, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს ახალი შესაძლებლობების, ეკონომიკური ზრდის რეგიონად. მნიშვნელოვანი იყო საქართველოს სამეზობლო მშვიდობიანი ინიციატივის კუთხით საქართველოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ნდობის აღდგენას. ინიციატივას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა აზერბაიჯანული და სომხური მხრიდან, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში. აღნიშნული იდეა კვლავ გააჟღერა პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დროს. ვთვლით, რომ ეს ინიციატივა და მისი იმპლემენტაცია მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მის წარმატებაში პოზიტიური როლი უნდა ითამაშოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობამაც. მაღალი დონის შეხვედრებზე განიხილება ამ იდეის პრაქტიკული ასპექტებიც“, – განაცხადა მინისტრმა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო თურქეთის მიმართულებით აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სტრატეგიული ურთიერთობების ფარგლებში.
„გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ასევე გაიმართა სამუშაო ვიზიტები მინისტრის მოადგილეების დონეზე. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წელს პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის განახლდა. აქტიურად განიხილება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობის განახლება და მიმდინარეობს მოლაპარაკებები უმაღლესი დონის ვიზიტებზე“, – აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაღრმავებას აგრძელებს.
„აზერბაიჯანის მიმართულებით, ვეყრდნობით რა, ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ვაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას მთელი რიგი მიმართულებით. აზერბაიჯანი და საქართველო დიდ როლს ანიჭებენ მათზე გამავალი სატრანსპორტო და საკომუნიკაციო დერეფნის მიმზიდველობის ზრდას. ახალი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა შუა დერეფნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მნიშვნელობა, ინტენსიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია ამ მიმართულებით აზერბაიჯანულ და თურქულ მხარესთან. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის მორიგი სხდომის გამართვა ბაქოში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ასევე, მინისტრის თქმით, საქართველო აქტიურად ახორციელებდა ვიზიტის გაცვლას სომხეთის რესპუბლიკასთან.