ილია დარჩიაშვილი - საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი გადაიშალა, ეს არ არის მხოლოდ გამარჯვება, ეს არის ფენომენალური შრომის და თავგანწირვის აღიარება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის მადლობას უხდის.
როგორც ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი გადაიშალა.
„კიდევ ერთი ბედნიერი დღე გათენდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი გადაიშალა საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში! საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მერვედფინალშია!
უდიდესი მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს გამარჯვება რეალობად აქცია! ეს არ არის მხოლოდ გამარჯვება, ეს არის თქვენი ფენომენალური შრომის, შეუდარებელი ოსტატობისა და თავგანწირვის აღიარება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა დღეს არაერთხელ შეგვიკრა სუნთქვა, არაერთხელ გვაგრძნობინა ეროვნული სიამაყე და აღმაფრენა.
გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას! წინ უფრო მეტი ბრძოლა და კიდევ უფრო მეტი გამარჯვებაა!“ – წერს ილია დარჩიაშვილი.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.