ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მთავრობის ინტერესია, არჩევნები ჩატარდეს მაღალი ევროპული სტანდარტით, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში
საქართველოს მთავრობის ინტერესია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მაღალი ევროპული სტანდარტებით, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მთავრობის ინტერესია, რომ 2024 წლის არჩევნები იყოს მაქსიმალურად გამორჩეული.
ამასთან, ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ ცხრა პუნქტის შესაბამისად აღებული ვალდებულების მიხედვით უკვე გააგზავნა ოფიციალური წერილი ეუთო-ში, კერძოდ, ოდირ-ში და მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას.
„საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს მაღალი ევროპული სტანდარტებით, მაქსიმალურად გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში. საქართველოს მთავრობამ გამოხატა მზაობა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დამკვირვებლებს, იმისათვის, რომ საქართველოში მათ განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ოდირ-ის დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ საქართველოს არჩევნებს. ჩვენი მთავრობის ინტერესია, რომ 2024 წლის არჩევნები იყოს მაქსიმალურად გამორჩეული“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
არჩევნებზე დამკვირვებელთა მოწვევის მიზნით, საქართველოს საგარეო უწყებამ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს წერილით მიმართა.