ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დეოლიგარქიზაციის კანონის შესაბამისი მასშტაბური სამოქმედო გეგმა, რომელიც რეფორმების თანმიმდევრობას განსაზღვრავს
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დეოლიგარქიზაციის კანონის შესაბამისი მასშტაბური სამოქმედო გეგმა, რომელიც რეფორმების თანმიმდევრობას განსაზღვრავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

ილია დარჩიაშვილის თქმით, დოკუმენტი მასშტაბურია, რომელიც განსახორციელებელი რეფორმების თანმიმდევრობას განსაზღვრავს.

„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა დეოლიგარქიზაციის კანონის შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ეს დოკუმენტი ჩვენ შევქმენით რამდენიმე კვირის წინ, ევროკომისიის რეკომენდაციებამდე. დოკუმენტი მასშტაბური, სიღრმისეულია, რომელიც განსაზღვრავს დეოლიგარქიზაციის მიმართულებით განსახორციელებელი წყება რეფორმების თანმიმდევრობას, მათ შორის, დროის თვალსაზრისითაც. ვიცით, რომ ამ კანონმდებლობისა და რეფორმის უკან დგას კომპლექსური პროცესები, ეს ეხება მართლმსაჯულების სისტემას, ანტიკორუფციული მიმართულებით საქართველოს საკანონმდებლო სივრცის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, კონკურენციის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას. შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილებაც, საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული ეს დოკუმენტიც იქნება მორიგი მექანიზმი, რომლითაც ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით აქტიურ დინამიკას შევინარჩუნებთ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.