ილია დარჩიაშვილი - საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს მზადყოფნას, ჰქონდეს სტრატეგიულ პარტნიორთან ღია, გულწრფელი დისკუსია, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამწუხაროს უწოდებს აშშ-ის მხრიდან ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება, როგორც მანამდე, დღესაც და მომავალშიც გააგრძელებს მზადყოფნას, ჰქონდეს სტრატეგიულ პარტნიორთან ღია, გულწრფელი დისკუსია.
„გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ის მხრიდან არის მიღებული, ძალიან სამწუხაროა. საქართველოს ხელისუფლება, როგორც მანამდე, დღესაც და მომავალშიც გააგრძელებს მზადყოფნას, ჰქონდეს სტრატეგიულ პარტნიორთან ღია, გულწრფელი დისკუსია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს ორმხრივ ფორმატში. ჩვენ ყოველთვის გამოვხატავდით მზადყოფნას ღია, გახსნილი, გულწრფელი დიალოგისთვის და დღესაც იმავე პოზიციას ვინარჩუნებთ, მიუხედავად ამ ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილებისა.
მიგვაჩნია, რომ დიალოგს, აზრების ურთიერთგაცვლას ალტერნატივა არ აქვს. არსებობს საკითხები, რომლებზეც ქვეყნებს აქვთ სხვადასხვა შეხედულება. დიალოგი და პარტნიორობა ჩვენ ვიცით სწორედ ამ მიმართულებით – როდესაც ღია, გულწრფელი დიალოგია. დიალოგი არის ერთადერთი გზა, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა ისაუბრონ ურთიერთობების გაღრმავებაზე და განვითარებაზე. ვწუხვარ, რომ საქართველოში ზოგიერთი მედიასაშუალება კვლავ დაკავებულია ტყუილის ტირაჟირებით, რაც ძალიან აზარალებს საქართველოს საგარეო პოლიტიკას. მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ტყუილის ტირაჟირებით ძალიან ზიანდება ქვეყანა და იმოქმედონ იმ სტანდარტებითა და წესებით, რაც ჟურნალისტიკაშია. ეს ტყუილები არის ერთდღიანი, ორდღიანი და საბოლოოდ ამას სხვა ეფექტი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყნის ინტერესები ზიანდება. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორებს, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ შესაძლებლობა აქვთ, გადახედონ გადაწყვეტილებებს. მინდა, დავაფიქსირო, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა დიალოგისთვის და დიალოგი პარტნიორებს შორის ურთიერთობების ერთ-ერთი გზაა. საუბარს ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.