ილია დარჩიაშვილი - საქართველოს ჰყავს ბევრი გულშემატკივარი ევროპულ ოჯახში, დარწმუნებული ვარ, თავიანთ ღირებულ წვლილს შეიტანენ, რომ საქართველომ მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება სტატუსზე
საქართველოს ჰყავს ბევრი გულშემატკივარი ევროპულ ოჯახში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონკრეტული ადამიანები თავიანთ მნიშვნელოვან, ღირებულ წვლილს შეიტანენ, რომ საქართველომ ევროპული საბჭოს ფორმატში მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
ამასთან, დარჩიაშვილის თქმით, როგორც თავად უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ისე უნგრეთის მთავრობა არის საქართველოს, ქვეყნის ევროპული მომავლის ძალიან დიდი გულშემატკივარი.
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება. როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე მრავალმხრივ ფორმატებში გვაქვს თანამშრომლობის კარგი გამოცდილება. ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან გვაქვს ძალიან დინამიკური ურთიერთობები, განსაკუთრებით ახლა, მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება დადებითი რეკომენდაციის შესახებ. უკვე საბოლოოდ ჯერი დგება წევრ ქვეყნებზე, ვინც თითო ხმა უნდა მისცეს. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ახლოს მეგობრებთან, მათ შორის უნგრეთთანაც ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ეს გულშემატკივრობა გადაიზარდოს კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებში და ეს შედეგი არის საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება“, – განაცხადა ილია დარჩიაშილმა.