ილია დარჩიაშვილი - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დავადასტურეთ პოლიტიკური დიალოგის ერთგულება, სამმხრივ ფორმატში ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობა
დღეს გავმართეთ საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრა და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგის ერთგულება, სამმხრივ ფორმატში ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობა და ურყეობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბაქოში განაცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, სამმხრივი ფორმატი წარმოადგენს რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთ ყოვლისმომცველ, ეფექტურ და წარმატებულ მექანიზმს.
„განსაკუთრებით დღეს, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე გამოწვევების ფონზე, აღნიშნული პლატფორმა კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, ვიყოთ მოქნილები საჭიროებებიდან და რეგიონის დღის წესრიგიდან გამომდინარე. განვიხილეთ სამმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი და მივაღწიეთ კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და სამაგალითო ურთიერთობები აქვს როგორც აზერბაიჯანთან, ისე თურქეთთან. ეს ორი ქვეყანა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ გვაკავშირებს მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს პოლიტიკის, სავაჭრო, ეკონომიკურ, თავდაცვის, კულტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, თანამედროვე ტექნოლოგიების, ტურიზმის და სხვა სფეროების მიმართულებით თანამშრომლობას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და ერთობლივ ძალისხმევას ამ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აღინიშნა მშვიდობის როლი რეგიონის სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების კონტექსტში.
„საქართველოს მტკიცედ ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას და მზად არის, გააგრძელოს თავისი წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში. გამოვხატეთ იმედი, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი უახლოეს პერიოდში შეათანხმებენ და ხელი მოეწერება სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც გარდამტეხი იმპულსი იქნება რეგიონში ხანგრძლივვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამკვიდრებლად. ამასთან, განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას, რაც შესაძლებელია, მიღწეული იქნეს მოლაპარაკებების საშუალებით, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით.
ჩემს კოლეგებს გავუზიარე ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და შემდგომ ჩვენს გეგმებზე. გარდა ამისა, ბუნებრივია, დღევანდელ გამოწვევებზე საუბრისას, აქცენტი გავაკეთეთ ერთობლივ რეგიონულ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ პროექტებზე, სამომავლო პერსპექტივებსა და დაკავშირებადობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე. ხაზგასასმელია, რომ ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ პროექტებს და მზად ვართ, კიდევ უფრო მეტად და აქტიურად შევუწყოთ ხელი მათ სრულფასოვან ფუნქციონირებას. აღნიშნული პროექტები კიდევ უფრო ზრდიან ჩვენი ქვეყნების, რეგიონის ფუნქციას და როლს მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის როლი აზიიდან ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების ტრანსპორტირების საკითხში და ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„ხაზი გავუსვით, რომ უკვე წარმატებულად განვახორციელეთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ენერგეტიკული პროექტები. დიდი ყურადღება დავუთმეთ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის სრულყოფილ რეალიზაციას. ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული მდებარეობებისა და სატრანსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, ცხადია, დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ და ვანიჭებთ თანამშრომლობის გაღრმავებას შუა დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის. ამ თვალსაზრისით, გამოვხატეთ მზაობა, კიდევ უფრო მეტად ვიმუშაოთ ერთად არა მხოლოდ ამ ფორმატში, არამედ სხვა ფორმატებშიც, რათა ეს პროცესები კიდევ უფრო ეფექტური იყოს. ვისაუბრეთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტზე, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი მარშრუტია. ხაზი გავუსვით პროქტის უახლოეს მომავალში სრულფასოვნად ამოქმედების აუცილებლობას.
დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მზადყოფნა კავშირების გასაღრმავებლად, რაც არსებული ურთიერთობების გამორჩეულად მზარდ ტენდენციას უსვამს ხაზს. შევთანხმდით, რომ, რიგითობის პრინციპის დაცვით, შემდეგი მინისტერიალი გაიმართება თურქეთის რესპუბლიკაში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.