ილია დარჩიაშვილი - საქართველოს აქვს პარტნიორების სრული მხარდაჭერა ყველა იმ ძალისხმევაში, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას ემსახურება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს მეგობრების სრული მხარდაჭერა და გამოხატული მზაობა, დაეხმარონ ქვეყანას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შემდგომი წარმატებების მიღწევასა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანად დაძლევაში.
„დღეს დილით დავბრუნდი ბრიუსელიდან, სადაც გავმართე მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში. ამ წუთებშიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. ის, რომ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის, გერმანიის პირველი დიპლომატი სტუმრობს საქართველოს ევროპისთვის და მსოფლიოსთვის ამ ურთულეს დროს, გახლავთ ჩვენი ქვეყნისადმი გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება და იმის დემონსტრირება, რომ საქართველო რჩება ევროპის სანდო და საიმედო პარტნიორად რეგიონში“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.
მისი თქმით, ისტორიული მნიშვნელობის იყო ასევე გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს კლევერლის ვიზიტი საქართველოში, რომელიც პირველია 2016 წლის შემდგომ და რომელიც სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიულ თანამშრომლობას.
მინისტრის განცხადებით, როგორც ბრიუსელში, ისე თბილისში მკაფიოდ გაჟღერდა საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების მხარდამჭერი განცხადებები.
დარჩიაშვილის თქმით, თავად ის ფაქტი, რომ ბრიუსელში, ევროკავშირის შუალედურ ზეპირ შეფასებამდე შედგა მაღალი დონის ვიზიტი, იძლევა იმედს, რომ ანგარიშში პოზიტიურად აისახება საქართველოს მიერ გაწეული არსებითი ძალისხმევა.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანი იყო ვილნიუსის სამიტამდე ნატო-საქართველოს კომისიის გამართვა და ყველა იმ გზავნილის განხილვა, რომელთა გაჟღერება ვილნიუსის სამიტზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დარჩიაშვილის შეფასებით, განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია თვის დასაწყისში მისი ვიზიტი შვედეთის სამეფოში, ევროკავშირის საბჭოში შვედეთის თავმჯდომარეობიდან გამომდინარე.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ის გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა იმყოფება, ურთულესი გამოწვევების წინაშე აყენებს საქართველოსაც.
„მერწმუნეთ, პარტნიორები სრულად აცნობიერებენ იმ სირთულეებს, რომელთა წინაშეც საქართველო დგას და ასევე სათანადოდ აფასებენ ჩვენი ქვეყნის ძალისხმევას ყველა იმ საგარეო პოლიტიკური მიზნისა თუ ამოცანის მისაღწევად, რომლის პირობაც ქართველ ხალხს მივეცით“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებისა და ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირების კონტექსტში, საქართველო, ისევე როგორც მთლიანად რეგიონი, დღეს დასავლეთის გაორმაგებული დაინტერესების საგანია. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ახალი სატრანზიტო ფუნქციის სწორად გამოყენების შემთხვევაში კი საქართველოს უჩნდება უნიკალური პერსპექტივა, გახდეს ევროპის მნიშვნელოვანი პარტნიორი.