ილია დარჩიაშვილი - საქართველომ გამოავლინა მტკიცე ნება, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გახდეს ევროკავშირის წევრი, დარწმუნებული ვართ, ამ გზაზე უნგრეთი მომავალშიც საქართველოს გვერდით იდგება
ჩვენ ვაფასებთ უნგრეთისა და პირადად მინისტრის აქტიურ მხარდაჭერას, რაც ამ გადამწყვეტ პერიოდში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ევროპისკენ საქართველოს სწრაფვა არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს არის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველომ გამოავლინა მტკიცე ნება, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გახდეს ევროკავშირის წევრი. ამასთან, აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ამ გზაზე უნგრეთი მომავალშიც საქართველოს გვერდით იდგება.
„სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გრძელვადიან ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ეს ხანგრძლივი, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული პროცესია. საქართველომ გამოავლინა მტკიცე ნება, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რათა განაგრძოს გზა გაწევრიანების მომდევნო ეტაპებზე გადასასვლელად. დარწმუნებული ვართ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები წელს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ. ასევე, იმედი გვაქვს, მიიღება გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მტკიცე კავშირს ევროკავშირთან. დარწმუნებული ვართ, რომ ამ გზაზე უნგრეთი მომავალშიც საქართველოს გვერდით იდგება“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
უნგრეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან შეხვედრა გამართა. ასევე, საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ უნგრეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაში, რა დროსაც სიტყვით მიმართა უნგრელ დიპლომატებს.