ილია დარჩიაშვილი - საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო პოლიტიკური პირობა, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, სამართლებრივად ამის საფუძველი შეიქმნა
ყველა ქვეყანას აქვს ევროინტეგრაციის მრავალფეროვანი და სხვადასხვა ტიპის გამოცდილება, საქართველოს შემთხვევაში ბოლო 11 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოს ევროკავშირის გზაზე უკვე აქვს ხელშესახები შედეგები.
„რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, საქართველომ მიიღო პოლიტიკური პირობა ევროკავშირისგან, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და სამართლებრივად ამის საფუძველი შეიქმნა. შეიცვალა ის, რომ ევროკავშირის ახალ გეოგრაფიულ კონტურებში, რუკაზე საქართველოს აქვს თავისი ადგილი და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს შეუქცევადი პროცესი გაგრძელდეს მომავალში, ვიხილოთ ის კონკრეტული, ხელშესახები შედეგები, რომელიც მოაქვს ჩვენი ხალხისთვის ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.