ილია დარჩიაშვილი - საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ჩინეთისთვის
ილია დარჩიაშვილი - საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ჩინეთისთვის

საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ჩინეთისთვის, –  ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე თქმით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ერთდროულად აქვს გაფორმებული ევროკავშირთან და ჩინეთთან.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველო და ჩინეთი უძველესი აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნებს წარმოადგენენ და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ. 2018 წლის იანვრიდან მოქმედებს საქართველოს და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ვაჭრობა, განსაკუთრებით კი, საქართველოს ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. შედეგად, ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის. დღეისთვის, რეგიონში მხოლოდ საქართველოს აქვს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც, თავის მხრივ, ხაზს უსვამს ჩინეთისთვის საქართველოს გამორჩეულ როლს რეგიონში. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ერთდროულად, ევროკავშირთან (2014 წლიდან) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან (2018 წლიდან) აქვს გაფორმებული. საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ჩინეთისთვის; ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ამ ორივე შეთანხმებით მიღებულ შესაძლებლობას და ვზრდით ვაჭრობის მოცულობას ორივე მიმართულებით. ჩინეთი დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშეს წარმოადგენს, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები დამყარებული და შესაბამისი შეთანხმება ხელმოწერილი აქვს 60-ზე მეტ ქვეყანას. მათ შორის, „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა“ – ამერიკის და ევროპის 40 ქვეყანას; „სტრატეგიული პარტნიორობა“ – ევროპის, ამერიკის, აზიის, წყნარი ოკეანისა და აფრიკის, 20 ქვეყანას; ასევე, ევროკავშირს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას (ASEAN) და აფრიკის კავშირს (AU)“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.