ილია დარჩიაშვილი - საქართველო პირნათლად და მიზანმიმართულად ახორციელებს ევროინტეგრაციის პოლიტიკას, ჩვენთვის, ევროინტეგრაცია არის ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი
ილია დარჩიაშვილი - საქართველო პირნათლად და მიზანმიმართულად ახორციელებს ევროინტეგრაციის პოლიტიკას, ჩვენთვის, ევროინტეგრაცია არის ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი

საქართველო რჩება ერთგული იმ პოლიტიკის, რომელიც ეხება საერთაშორისო სანქციებს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებს, გენერალურ სანქციებს, რომლებზეც არაერთხელ გვისაუბრია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ ფრენების აღდგენა ვიზიტორების ზრდას გამოიწვევს, არასწორია, რადგან სახმელეთო საზღვარი გახსნილია.

„რაც შეეხება ორმხრივ ფორმატში არსებულ სანქციებს, ამაზე ცალსახად ითქვა და ეს არის ვაჭრობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან. ეს ვაჭრობა აქტუალურია, დღეს მიმდინარეობს, შესაბამისად, საქართველო ძალიან ღიად და ტრანსფარენტულად ახორციელებს ყველა სავაჭრო ოპერაციას და ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის აქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი დამოკიდებულება სანქცირებულ ტვირთებთან დაკავშირებით ყოველთვის იყო ცალსახა და უფრო მეტიც, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ძალიან ხშირად ვსაუბრობთ, რომ პროაქტიულად, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ არ მოხდეს გვერდის ავლა ნებისმიერ სანქციებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ კონტექსტშიც, საქართველო ცალსახად იქნება ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ დღეს თუ ქვეყანა ღიაა და მიმოსვლა არსებობს რუსეთის ფედერაციასთან საავტომობილო თვალსაზრისით და ეს მოცემულობა არის დღეს, შესაბამისად, რაღაც ზედმეტი აჟიოტაჟი, რომ რაღაც მომეტებული რაოდენობა იქნება, სრუილად გაუგებარია. დღეს არის საზღვარი ღია, რუსეთის მოქალაქეები ჩამოდიან საქართველოში და, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები, ვისაც სურვილი აქვს, რომ იმოგზაუროს თავიანთ ახლობლებთან, ნათესავებთან რუსეთის ფედერაციაში, უკვე ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, არ შეიძლება, ყველა საკითხი დაუკავშირდეს საქართველოს 12 პუნქტის შესრულებას.

„მოვუწოდებ ყველა ჩვენს ოპონენტს თუ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ნებისმიერი პროცესის წარმოჩენას ცდილობს 12 პუნქტის შესრულების და პრიორიტეტის შესრულების კონტექსტში, რატომ ხდება საქართველო ყოველთვის ობიექტი მსგავსი ტიპის შეფასებების, გაუგებარია. მაშინ, როდესაც ქვეყანა მოლდოვა, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი, რომელსაც აქვს დღეს ევროკავშირის წევრობის სტატუსი, ამ შემთხვევაში არ არსებობს კითხვები, რატომ შეიძლება საქართველოსთან დაკავშირებით დადგეს ეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არის მიუღებელი, საქართველო პირნათლად და მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად ახორციელებს ევროინტეგრაციის პოლიტიკას. ვიცით, რომ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა 12 პუნქტის შესრულებასთან მიმართებაში და ამ მიმართულებით გაგრძელდება მომავალშიც, რადგანაც ჩვენთვის ევროინტეგრაცია არის ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი“, – განაცხადა მინისტრმა.