ილია დარჩიაშვილი - საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა ვალდებულებას, არ არსებობს არცერთი შემთხვევა, ჩვენი ქვეყნის საშუალებით ვინმეს სანქციებისთვის თავი აერიდებინა
ილია დარჩიაშვილი - საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა ვალდებულებას, არ არსებობს არცერთი შემთხვევა, ჩვენი ქვეყნის საშუალებით ვინმეს სანქციებისთვის თავი აერიდებინა

საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ საქართველოს საშუალებით ვინმეს სანქციებისთვის თავი აერიდებინა.

„ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი პარტნიორების წინაშე და შესრულდება ყოველთვის. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ამ საკითხში საქართველო ძალიან ტრანსფარენტული, ღიაა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან, პარტნიორებთან ერთად, ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას გააგრძელებს. ახლო კოორდინაციაში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან და სანქციებთან მიმართებით პარტნიორებთან ერთად ტრანსფარენტულად ვმუშაობთ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დანიელი ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველო რომ ევროკავშირის წევრი იყოს, მიჰყვებოდა თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გზას, დარჩიაშვილმა აღნიშნა:

„საქართველო მუშაობს ევროკავშირთან, რათა მოიპოვოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს არის ნაბიჯი, გზა, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო წევრობამდე. საბოლოო წევრობას სჭირდება დრო, წლები. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი პარტნიორი, ევროკავშირის ასოცირებული წევრი და ვასრულებთ ყველა ვალდებულებას, რომელიც პარტნიორებთან ავიღეთ. შესაბამისად, ნათელია და ადვილად დასანახია ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანამ გადადგა მჭიდრო, ახლო კოორდინაციით“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.