ილია დარჩიაშვილი - საქართველო ევროპული ინტეგრაციის ერთგულია, არსებობს ხელშესახები შედეგები და ყველა საფუძველი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს
საქართველო ევროპული ინტეგრაციის ერთგულია, ჩვენ თანმიმდევრულად ვუახლოვდებით ევროკავშირს და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ საქართველო ამ გზაზე წარმატებას მიაღწევს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს ბერლინში განუცხადა, სადაც გერმანელი კოლეგის, ანალენა ბერბოკის მიწვევით კონფერენციაში მონაწილეობს.
მისი თქმით, საქართველო უკვე წლების განმავლობაში ყველა მიმართულებით ახორციელებს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, ასევე ღირებული და მნიშვნელოვანი სამუშაო შესრულდა ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით.
„დღეს არსებობს ხელშესახები შედეგები და ყველა საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს – ხაზგასმით აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო აქტიურად მუშაობს როგორც ევროკავშირთან, ორმხრივ ფორმატში, ისე ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან და მზად არის, ევროკავშირთან ურთიერთობის გზაზე ახალ ეტაპზე გადასვლისთვის.
საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ მომავალზე საუბრისთვის.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე გაფართოების პაკეტის მნიშვნელობასა და აღმოსავლეთ ევროპის ინტეგრაციის მიმართულებით ევროკავშირის როლზე იმსჯელეს.