შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი საქართველოსათვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას, რომელმაც გაამყარა საქართველოს უპირობო კუთვნილება ევროპისადმი და გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისკენ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, გერმანელ კოლეგასთან საუბრის ერთ-ერთი თემა, ბუნებრივია, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც იყო.
„კოლეგას გავაცანი ის ინტენსიური სამუშაო, რაც გავწიეთ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელებისას. მათი უმრავლესობა შესრულებულია და რჩება რამდენიმე პუნქტი, რომელზეც გრძელდება აქტიური მუშაობა პარლამენტში. გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პროგრესი სამართლიანად იქნება შეფასებული და საქართველოსა და ევროკავშირის კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას ვიზეიმებთ. ვაგრძელებთ ევროკავშირთან ფართო პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის პროცესის ინსტიტუციური და სამართლებრივი დაახლოების გზების ძიებას.
მისასალმებელია ევროკავშირის სტრატეგიული კომპასის დოკუმენტში გაკეთებული აქცენტი პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან თანამშრომლობაზე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების მიზნით. დოკუმენტი ცალსახად აღიარებს შავ ზღვაზე უსაფრთხოების მნიშვნელობას ევროპისთვის. კოლეგას მადლობა გადავუხადე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის და ნატო-საქართველოს პაკეტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, თბილისში ვუმასპინძლო გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ანალენა ბერბოკს.
მოხარული ვარ, რომ დღეს უკვე თბილისში მოგვეცა შესაძლებლობა, გავაგრძელოთ ჩვენი ღია და სიღრმისეული პოლიტიკური დიალოგი, ორ უწყებას შორის დაწყებული დიალოგი, რომელიც ბერლინში ჩემი ვიზიტით დაიწყო. ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, სხვადასხვა მრავალმხრივი ფორმატის პარალელურად, გვქონოდა ორმხრივი შეხვედრები და დღეს უკვე საპასუხო ვიზიტით მინისტრი ჩამობრძანდა საქართველოში, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველო და გერმანია ერთმანეთისთვის საიმედო და ღირებული პარტნიორები არიან. დარჩიაშვილის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მტკიცე, მრავალსაუკუნოვან ფუნდამენტსა და საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება.
„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ვიზიტი საქართველოს მიმართ გერმანიის გამორჩეული ინტერესის გამოხატულებაა. ის ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორი ქვეყნისთვის საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. ამის გარდა, ვიზიტს განვიხილავთ როგორც გერმანიის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურებას საქართველოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში. ასევე, რეგიონში მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ვაფასებთ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, რაც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ქართველი ხალხის ურყევი ნების გამოხატულებას.
პირისპირ შეხვედრაზე, ბუნებრივია, დეტალურად განვიხილეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია და საგანგაშო უსაფრთხოების გარემო. კიდევ ერთხელ შევეხეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით იქ არსებულ მდგომარეობას. ანალენა ბერბოკი დღეს დელეგაციასთან ერთად უშუალოდ ეწვევა საოკუპაციო ხაზს. მსურს, მადლობა გადავუხადო გერმანიის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და არაღიარების პოლიტიკაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. განსაკუთრებით ვაფასებთ ევროკავშირის მისიაში გერმანიის მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც მისიის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია. საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და მადლიერია ამ პროცესში გერმანიისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერის.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ხაზი გავუსვით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელობას. შეხვედრაზე, ბუნებრივია, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს შევეხეთ და განვიხილეთ სამომავლო გეგმები, რომელიც ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაყვანას ემსახურება. წლიდან წლამდე ჩამოყალიბებული მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა მზარდი ინტენსივობით გამოირჩევა. ჩვენ დავუდასტურეთ ერთმანეთს მზაობა, აქტიურად შევუწყოთ ხელი იმ დამატებითი პოტენციალის ათვისებას, რომელიც არაერთი მიმართულებით იკვეთება. დარწმუნებული ვარ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის ისევე, როგორც ქალაქთა შორის კავშირების შემდგომი განმტკიცების საწინდარი იქნება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, საქართველოს უაღრესად წარმატებული მონაწილეობა უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში „ბერლინი 2023“. ეს იყო გერმანიაში ჩვენი კულტურისა და ტრადიციების, მიმზიდველი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობა და ჩვენი ქვეყნის ევროპული ცივილიზაციისადმი მკაფიო დადასტურება“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოში ჩამობრძანებისთვის.
„ძალიან მოხარული ვართ, რომ ბრძანდებით საქართველოში და დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი მოიტანს ახალ, ძალიან მნიშვნელოვან იმპულსს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება და, მეორე მხრივ, ვიზიტი ასევე დაეხმარება საქართველოს იმ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით, რასაც ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ჰქვია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.