ილია დარჩიაშვილი - საქართველო იმსახურებს სტატუსის მიღებას, ამ აუცილებლობას ყველა აცნობიერებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის მხარდაჭერა
ილია დარჩიაშვილი - საქართველო იმსახურებს სტატუსის მიღებას, ამ აუცილებლობას ყველა აცნობიერებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის მხარდაჭერა

საქართველო აქტიურად ადგას რეფორმების გზას, ევროკავშირში წევრობისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.

„საქართველო განუხრელად ადგას რეფორმების განხორციელების გზას. ჩვენ არამარტო 12 პრიორიტეტზე ვმუშაობთ, განუხრელად ვახორციელებთ ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ პირობებს, ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა. ასევე ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რომლებიც აღებული გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებით. საქართველო აქტიურად ადგას რეფორმების გზას, ეს არის ჩვენი მომავალი. რეფორმები არ არის ერთ დღეში განსახორციელებელი, თუნდაც ერთწლიანი. შესაბამისად, ჩვენ, ერთი მხრივ, ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო დაახლოებას ევროკავშირთან, მეორე მხრივ, ფიზიკურად ვუახლოვდებით.

შესაბამისად, საქართველოს საბოლოო მიზანი არის წევრობა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პარტნიორები, მეგობარი ქვეყნები  მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს და მათ ინტერესშია. ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან ევროკავშირში. მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველო წარმატებით გააგრძელებს ევროპულ ინტეგრაციას. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ევროპელ პარტნიორებთან, რომ საქართველო მიისწრაფვის ევროპულ ოჯახში წევრობისკენ არა მარტო იმიტომ, რომ მხოლოდ საქართველომ მიიღოს სარგებელი, არამედ ჩვენც ჩვენი ღირებულება შევიტანოთ ევროპული ოჯახის განვითარებაში. ეს არის ჩვენი კონცეპტუალური მიდგომა და ჩვენი მთავარი ხაზი. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციის, განვითარების, ეკონომიკური გაჯანსაღების მიზანს ემსახურება დღის წესრიგი, რაც გვაქვს. ეს მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ევროპული ინტეგრაცია ურთიერთსარგებელზე დამყარებულ პროცესად მიგვაჩნია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილის განმარტებით, საქართველო განვლილი რეფორმებით იმსახურებს სტატუსის მიღებას, ამ აუცილებლობას ყველა აცნობიერებს და დარწმუნებულია, რომ საქართველოს ექნება ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის მხარდაჭერა.

„დღეს, ამ ძალიან რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც თითოეული ქვეყანა, ჩვენი რეგიონი, მთლიანად ევროპა არის ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, არის უზარმაზარი გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით, ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს წარმატებული სვლა საბოლოო წევრობისკენ არ არის მხოლოდ საქართველოს ინტერესი. ეს არის გლობალურად ევროპის ინტერესი, რადგან ჩვენ ერთობლივად უნდა შევძლოთ საერთო გამოწვევებთან გამკლავება. უნდა შევძლოთ ერთიანი, ძლიერი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა შავი ზღვის რეგიონში, სადაც საქართველო მნიშვნელოვანი და ღირებული ნაწილი იქნება. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორები ამ საჭიროებასაც იზიარებენ, გარდა იმისა, რომ საქართველო ძალიან თანმიმდევრულად ახორციელებს რეფორმების დღის წესრიგს.

რეფორმების განხორციელება წლების განმავლობაში უკვე ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა. ესაა, ერთი მხრივ, გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, მეორე მხრივ, დამსახურებაზე დაფუძნებული. ამ მიმართულებით არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო განვლილი რეფორმებით იმსახურებს სტატუსის მიღებას. შესაბამისად, ამ აუცილებლობას ყველა აცნობიერებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება 27-ვე წევრი ქვეყნის მხარდაჭერა“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.