ილია დარჩიაშვილი - სამწუხაროდ, ოპონენტები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის კრიტიკული შეფასებები გაუგებარი და უსაფუძვლოა.
ამ კომენტარით დარჩიაშვილმა უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც: „თბილისიდან ისმის კრიტიკა, რომ ყველაზე სუსტი სახელმწიფოების ჯგუფში იჯდა ქვეყანა საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე და რომ ნატო-ს დღის წესრიგში აღარაა საქართველო აქტუალური“.
ილია დარჩიაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ოპონენტები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც აზიანებს საქართველოს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს.
„არ ვიცი, რას ნიშნავს ნაკლებად მნიშვნელოვან ჯგუფში. გაიმართა ნატო-ს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კომისია, სადაც ვიმსჯელეთ საქართველოსთან მიმართებით ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. მოგვეცა შესაძლებლობა და მე, პირადად, ამ ფორმატში ვისაუბრე ჩვენს პარტნიორებთან ყველა იმ გამოწვევასა და საჭიროებებზე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ასე რომ, ჩემთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის გაუგებარი და უსაფუძვლო შეფასებები.
ვილნიუსში ნატო-ს სამიტი არსებული გეოპოლიტიკური და გართულებული უსაფრთხოების პირობებში საკმაოდ შედეგიანი იყო. ძალიან ძლიერი პოლიტიკური გზავნილები გაიგზავნა უკრაინის მისამართით, ქვეყნის მისამართით, რომელიც დღეს ომშია, რომელსაც აქვს უზარმაზარი გამოწვევები. დარწმუნებული ვარ, ეს გზავნილი და პოლიტიკური, კონსოლიდირებული მხარდაჭერა, რომელიც პარტნიორებმა, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა გამოხატეს უკრაინის მისამართით, დაეხმარება მათ, შემდგომში დაიცვან საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. სამიტი იყო ძალიან წარმატებული საქართველოსთვის, ახალი მუხტის მომტანი და ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ეს დაეხმარება საქართველოს, წარმატებით იაროს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების გზაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.