ილია დარჩიაშვილი - საგარეო უწყება მზად არის ქართულ დიასპორასთან მუდმივი თანამშრომლობისთვის, რათა ერთობლივად მივაღწიოთ ქვეყნის უკეთეს მომავალს
ილია დარჩიაშვილი - საგარეო უწყება მზად არის ქართულ დიასპორასთან მუდმივი თანამშრომლობისთვის, რათა ერთობლივად მივაღწიოთ ქვეყნის უკეთეს მომავალს

დღეს, როდესაც საზეიმოდ აღვნიშნავთ ქართული დიასპორის დღეს, 27 მაისს, ათასობით ჩვენი თანამემამულე იმედითა და ერთიანობის სულისკვეთებით გვადევნებს თვალს უცხოეთიდან, სადაც ისინი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზთა და გარემოებათა გამო აღმოჩდნენ, თუმცა მათივე სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სამშობლოსთან კავშირი არ დაუკარგავთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე, შეიძლება ითქვას მეხუთედი საქართველო, დღეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება, თუმცა როდესაც ქართულ დიასპორაზე ვსაუბრობთ, სიმრავლეზე მეტად, სწორედ ზემოთხსენებული სულისკვეთება და სამშობლოსთან მათი ერთიანობის სურვილია უმთავრესი. ასევე მნიშვნელოვანია დიასპორის, როგორც ერთიანი სხეულის ორგანიზებულობა, რისთვისაც ბოლო პერიოდში სახელმწიფომ და დიასპორამ ერთობლივად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს (დღეისთვის მსოფლიოში ქართული დიასპორული ორგანიზაციების რაოდენობა 300-ს აჭარბებს)“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სიმბოლურია და ბუნებრივიც, რომ ქართული დიასპორის დღე 27 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან ერთად აღინიშნება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნისა და დიასპორის ერთიანობას.

„ძვირფასო თანამემამულეებო, ჩემთვის დიდი პატივია, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველად მოგილოცოთ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი, რომლის ყოველწლიურად აღნიშვნაც უკვე სასიამოვნო ტრადიციად იქცა. მოხარული ვარ, რომ დავუბრუნდით ჩვეულ რიტმს და გვეძლევა საშუალება, დღევანდელი დღე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, პირისპირ შეხვედრით აღვნიშნოთ. დღევანდელი ჩვენი ფორუმის სახელწოდება და, რაც მთავარია, სულისკვეთება, სრულ თანხვედრაშია იმ ამბიციურ ნაბიჯთან, რომელიც ცოტა ხნის წინ გადადგა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილის, ქართული დიასპორის ჩართულობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩვენმა დიასპორამ კარგად იცის ევროპულ ღირებულებათა ფასი, იმ სიკეთეების მნიშვნელობა, რის მოტანაც შეუძლია ევროპული ოჯახის წევრობას. შესაბამისად, ღონისძიებების ფორმატი და შინაარსი ითვალისწინებს ისეთი თემატიკის წამოწევას, რომელიც ეხმიანება საერთო ქართულ-ევროპულ ღირებულებებს და მიზნად ისახავს საქართველო-ევროკავშირის ამჟამინდელი თანამშრომლობის გაღრმავებას, ქმნის პერსპექტივებს ახალი თანამშრომლობის განვითარებისთვის.

დღევანდელი ღონისძიება, შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთული და მრავალ-მიმართულებიანია. ტრადიციულ პანელებთან, როგორიცაა – კულტურა, ბიზნესი და ეკონომიკა, წარმოდგენილი იქნება ახალი თემატური მიმართულებები – „ქართული ენის კონფერენცია“ და „ციფრული დიასპორა“. შედეგებზე ორიენტირებული, მაღალი დონის ღონისძიების უზრუნველსაყოფად, ჩვენთან იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული თანამემამულეები, რომლებსაც მაღალი კვალიფიკაციით და გამოცდილებით თავისი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის განვითარების საქმეში. მადლობას ვუხდი მათ და ვუსურვებ ნაყოფიერ, საქმიან, სასარგებლო სამუშაო პროცესს“, – განაცხადა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის ქართულ დიასპორასთან მუდმივი თანამშრომლობისთვის, რათა ერთობლივი ჩართულობით გადავლახოთ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები და მივაღწიოთ ქვეყნის უკეთეს მომავალს.

„აქვე მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ჩვენი ერთგული პარტნიორების, საერთაშორისო ორგანიზაციების – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა (ICMPD) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანადგომა და მხარდაჭერა, ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებაში.

დასასრულს, მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, მზად არის თქვენთან მუდმივი თანამშრომლობისთვის, რათა ერთობლივი ჩართულობით გადავლახოთ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები და მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს.

ღრმად მწამს, თითოეულ ჩვენგანს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ჩვენი ერთიანობა, როგორც არასდროს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, საქართველოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, საერთო ევროპულ ოჯახში გასაერთიანებლად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.