ილია დარჩიაშვილი - საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას, დიდ ყურადღებას ვაქცევთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა აუცილებლად მოიტანს შედეგებს
ძალას არ ვიშურებთ, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. გვაქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად მოიტანს შედეგებს და აუცილებლად მივაღწევთ მშვიდობიან დეოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკის განხორციელების დროს ხელისუფლების მხრიდან დიდი ყურადღება ექცევა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს.
„ერთ-ერთი ყველაზე რთული, მთავარი და სენსიტიური გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც არ არიან დღეს საქართველოს კონტროლის ქვეშ. შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის განხორციელების დროს, ჩვენი ევროინტეგრაციის პარალელურად, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს. ძალას არ ვიშურებთ, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ჩვენ გვაქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად მოიტანს შედეგებს და აუცილებლად მივაღწევთ მშვიდობიან დეოკუპაციას“, – განუცხადა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან გზავნილებს, დარჩიაშვილის შეფასებით, ევროკავშირმა მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რადგან გაფართოების პოლიტიკა არის გზა, რომ ევროკავშირი იყოს კიდევ უფრო ძლიერი, უფრო განვითარებული.
„ჩვენი დამოკიდებულებაც ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით არის, რომ არა მხოლოდ ჩვენ მივიღებთ ამით სარგებელს, არამედ ჩვენ ჩვენი ღირებულებებით შევალთ ამ ოჯახში. ის სარგებელი, რომელიც უნდა მივიღოთ, ასევე გვინდა ჩვენი თანამოძმეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზს მიღმა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გონივრული, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკით აუცილებლად მივაღწევთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.