ილია დარჩიაშვილი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა არის უნიკალური შესაძლებლობა, პარტნიორებს ვესაუბროთ 12 პუნქტის შესრულების კუთხით ხელშესახებ შედეგებსა და დაგეგმილ ნაბიჯებზე
ილია დარჩიაშვილი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა არის უნიკალური შესაძლებლობა, პარტნიორებს ვესაუბროთ 12 პუნქტის შესრულების კუთხით ხელშესახებ შედეგებსა და დაგეგმილ ნაბიჯებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობა არის უნიკალური შესაძლებლობა, პარტნიორებს მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებზე, რომელიც აქვს საქართველოს 12 პუნქტის შესრულების კუთხით, ასევე რეფორმების დღის წესრიგსა და დაგეგმილ ნაბჯებზე.

დარჩიაშვილის თქმით, სხდომაზე ასევე ისაუბრებენ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე.

„მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე მიწვეულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს უმაღლესი წარმომადგენელი, ბატონი ბორელი, ასევე ესწრებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ვფიქრობ, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, ჩვენს პარტნიორებს ვესაუბროთ იმ კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებზე, რომელიც აქვს საქართველოს, როდესაც საუბარია 12 პუნქტის შესრულებაზე, რეფორმების დღის წესრიგსა და დაგეგმილ ნაბიჯებზე, იმ აქტივობებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, რათა საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვოს ევროკავშირს, რაც ჩვენი მომავალია, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. სწორედ ამ საკითხებზე გვექნება საუბარი. აგრეთვე, გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, რაც ასევე საინტერესოა ჩვენი პარტნიორებისთვის, მნიშვნელოვან საკითხებზე გვექნება საუბარი. ლუქსემბურგში ვიზიტისას ძირითადი ფოკუსი არის საბჭოს სხდომა, სადაც პარტნიორებთან ვისაუბრებთ ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე, რომელიც არის რეგიონში, საქართველოს ევროინტეგრაციაზე, ასევე, დიდი ალბათობით, მექნება შეხვედრა ევროკომისართან, სადაც ვისაუბრებთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის განსაზღვრულ დღის წესრიგზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.