ილია დარჩიაშვილი - სააკაშვილთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაციები არ იქნება, უკრაინაში საქართველოს ელჩი მუშაობას თბილისიდან გააგრძელებს
უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა დატოვა უკრაინის ტერიტორია, ის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის რანგში მუშაობას თბილისიდან გააგრძელებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს ელჩთან.
„უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების შეფასებისას გამოვიყენებდი რამდენიმე სიტყვას, ეს არის უსამართლო, უსაფუძვლო, არამეგობრული და არადიპლომატიური. არადიპლომატიური იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის პრეცედენტი არ არსებობს პრაქტიკაში, რადგანაც მასპინძელი, მიმღები ქვეყანა იძულებით ატოვებინებს კონსულტაციებისთვის, რათა ის დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში. ელჩის გამოძახების პრაქტიკა არსებობს კონსულტაციებზე, მაგრამ ამას აკეთებს ქვეყანა საკუთარი ელჩების მისამართით“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, გიორგი ზაქარაშვილს ყველაზე მძიმე წუთებში, თითზე ჩამოსათვლელ ელჩთან ერთად, კიევი ერთი დღე არ დაუტოვებია.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს ელჩთან. ელჩმა დატოვა უკრაინის ტერიტორია, ის სამინისტროში ელჩის რანგში მუშაობას თბილისიდან გააგრძელებს. საქართველოს საელჩო კიევში აგრძელებს მუშაობას, დიპლომატები ადგილზე არიან და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.
ვფიქრობ, თუ დაინტერესებულია უკრაინის მთავრობა სააკაშვილის მდგომარეობით, მისი ჯანმრთელობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია თუ აინტერესებს, ჩვენი ელჩი კი არ უნდა გამოაგზავნონ ჩვენთან კონსულტაციებისთვის, არამედ მათ უნდა დაასრულონ ის პროცედურები, რომელიც დაიწყეს და მოგვმართეს ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი და დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენ პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ პროცესს. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის, განვითარდეს, გაძლიერდეს და მიიღონ გადაწყვეტილება, ჩამოვიდეს ელჩი საქართველოში“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ნებისმიერ უკრაინელ დიპლომატს, რომელიც მოღვაწეობს საქართველოში, სამართლებრივად აქვს უფლება, მოინახულოს მათი მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყანაში იხდის სასჯელს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა თბილისში კონსულტაციები გამართოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.
ზელენსკის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, „უკრაინის გადაწყვეტილება გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია, მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ“.