ილია დარჩიაშვილი რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
ილია დარჩიაშვილი რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ტიტუს კორლაცეანსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ კონტექსტში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

„ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე, მათ შორის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის მიმართულებით, რომელიც ასევე წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის საერთო პრიორიტეტს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგები.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სამართლიანად და დამსახურების მიხედვით შეფასდება და წლის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

„საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა რუმინეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის. აღინიშნა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.