ილია დარჩიაშვილი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი რუმინელ კოლეგას, ლუმინიცა ოდობესკუს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის განმტკიცებას.

„ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ამ მიმართულებით რუმინეთის მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე გამახვილდა ყურადღება.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა  შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას, მათ შორის, დაკავშირებადობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. ამ კუთხით აღინიშნა რუმინეთში გაფორმებული შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების მნიშვნელობა.

ასევე, აღინიშნა გაერო-ს ფარგლებში ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილმა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით მიიწვია.

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78- სესიაში მონაწილეობს. საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.