ილია დარჩიაშვილი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბოგდან აურესკუს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბოგდან აურესკუს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბოგდან აურესკუს შორის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილმა და ბოგდან აურესკუმ ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.

„მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და რუმინეთს შორის გაფორმებულ სტრატეგიულ დოკუმენტს,  შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ დოკუმენტის იმპლემენტაციის მიზნით შესაბამის სამოქმედო გეგმაზე.

მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რუმინეთში გაფორმებული შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.

რუმინეთის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მიიწვია“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.