ილია დარჩიაშვილი - რეკომენდაციების შესასრულებლად თანმიმდევრული მუშაობაა საჭირო, მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც ევროპული მომავლით არის დაინტერესებული
რეკომენდაციების შესასრულებლად თანმიმდევრული მუშაობაა საჭირო, მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც ქვეყნის ევროპული მომავლით არის დაინტერესებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაცია აქვთ.
„ცხრა რეკომენდაციის შესრულების პროცესი დაწყებულია. მჭიდრო, ახლო კოორდინაცია გვაქვს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკომისიასთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. შესაბამისად, რეკომენდაციების შესრულება არ არის ერთდღიანი ან ერთკვირიანი, ერთწლიანი პროცესი, ეს არის გრძელვადიანი პროცესი. თანმიმდევრული მუშაობაა საჭირო, რათა საქართველო როგორც ინსტიტუციურად, ისე სამართლებრივად ევროპულ ოჯახს დაუახლოვდეს. საქართველომ რაც ევროპული პერსპექტივა მიიღო, მეორე დღიდან დავიწყეთ მუშაობა, რომ სამუშაო პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად ინკლუზიური, ყველა ოპონენტს ჰქონოდა შესაძლებლობა პროცესში მონაწილეობის მიღების. იყო ჯგუფი, რომელმაც საერთოდ არ მიიღო პროცესში მონაწილეობა, მეტიც, ხელს უშლიდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ნაწილმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც დაინტერესებულია ამ ქვეყნის ევროპული მომავლით, კეთილსინდისიერად ემსახურება ქვეყანას და საზოგადოებას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.