ილია დარჩიაშვილი - ქვეყნის განვითარების პროცესში დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავარი პრიორიტეტია
საქართველოს სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობისა და ორმხრივად სარგებლიანი თანამშრომლობის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი დიასპორა, რომელიც აქტიურად გაატარებს ქვეყნის ინტერესებს საზღვარგარეთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და მიმდინარე წელს საგარეო უწყების მიერ ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან (IOM, ICMPD, GIZ) ერთად 2022 წელს გადადგმული ნაბიჯები გააცნო. აღინიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონაწილეობა მიიღო დიასპორის გლობალურ სამიტში და შეუერთდა დუბლინის დეკლარაციას, რომელიც გლობალური დიასპორული ჩართულობის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. სამინისტრომ ასევე უმასპინძლა IOM-ისა და UNESCO-ს მხარდაჭერით ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში სესიას, სახელწოდებით „ქართული დიასპორა და მეცნიერება საზღვრებს გარეთ“.
დარჩიაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს წარმატებით განხორციელდა არსებული დიასპორული პროგრამები, კერძოდ „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა“ და პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“. მიმდინარე წლის 27 მაისს ჩატარდა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ფორუმი, სახელწოდებით „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“. მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვარგარეთ ახალი საგანმანათლებლო და კულტურული კერების დაფუძნებას – კერძოდ, მოეწყო ხუთი ახალი საკვირაო სკოლა. საბერძნეთისა და თურქეთის საჯარო სკოლებში კი წარმატებით გრძელდება სპეციალურად შემუშავებული ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ილია დარჩიაშვილმა ახალი ქართული კულტურული კერების დაფუძნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ქვეყნის განვითარების პროცესში დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია.