ილია დარჩიაშვილი - პრემიერმა ძალიან დეტალურად წარმოადგინა წლის ანგარიში, რომელიც ასახავს, რომ ხელისუფლება ემსახურება ხალხს
პრემიერმა ძალიან დეტალურად წარმოადგინა წლის ანგარიში და არამარტო წლის, დღევანდელი ანგარიში ნათლად ასახავს, რომ ეს ხელისუფლება ემსახურება ხალხს, თითოეული ნაბიჯი, რასაც დგამს ჩვენი ხელისუფლება, თითოეული სამინისტრო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არის ქართველი ხალხისთვის, საქართველოს კეთილდღეობისთვის და თითოეულ მოქალაქის ინტერესებზე მორგებული, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო აგრძელებს ძალისხმევას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.
„ერთი მხრივ, ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და მეორე ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, ეს არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება, რომელიც არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, ქვეყნის მონაპოვარი. საქართველოს მთავრობას ჰქონდა ძალიან ძლიერი მანდატი, რომ ჩვენი ევროპული მომავალი შეუქცევად პროცესად გვექცია, ჩვენ ეს მოვახერხეთ. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მივულოცო. საქართველო აგრძელებს ძალისხმევას ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და სწორედ კანდიდატის სტატუსი არის ამის სამართლებრივი საფუძველი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.