ილია დარჩიაშვილი - პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი ემსახურება ევროპული ინტეგრაციის საკითხს და არის ძალიან დროული, ჩვენი მოლოდინია, საქართველომ მიიღოს შედეგები, რასაც ვიმსახურებთ
ილია დარჩიაშვილი - პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი ემსახურება ევროპული ინტეგრაციის საკითხს და არის ძალიან დროული, ჩვენი მოლოდინია, საქართველომ მიიღოს შედეგები, რასაც ვიმსახურებთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხს ემსახურება.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ევროკავშირის კითხვარი, ამ პროცესში საქართველოს მოლოდინები, რაც ეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„როგორც იცით, დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში. ეს ვიზიტი ემსახურება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხს. როგორც იცით, საქართველომ რამდენიმე დღის წინ დაასრულა თვითშეფასების კითხვარზე მუშაობა. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მუშაობა, გავუზიარეთ აღნიშნული დოკუმენტი ჩვენს პარტნიორებს. შესაბამისად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან პრემიერ-მინისტრის მთავარი გზავნილიც იყო, რომ საქართველომ დაასრულა ეს პროცესი, რა არის საქართველოს მოლოდინები ამ კითხვართან მიმართებაში და ზოგადად, ის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაზა, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს იყო მთავარი საკითხი, გაიცვალა მოსაზრებები ამ მიმართულებით და კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა, რომ დინამიკა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. დინამიკა, რომ საქართველომ გააგრძელოს ხელშესახები შედეგების მიღება ამ გზაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი ძალიან დროულია.

„ვფიქრობ, იყო ტრადიციულად ძალიან საინტერესო, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ამ ტიპის შეხვედრები ყოველთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი არის ძალიან დროული, რადგან კარგად ვიყოთ ამ პროცესთან კოორდინირებული ამ მიმართულებით. ყველასთვის ცნობილია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ძალიან გულშემატკივრობს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. შესაბამისად, ყოველთვის მასთან შეხვედრის დროს განწყობაც არის მგავსი. ჩვენ რა თქმა უნდა, კონკრეტული განვითარების სცენარზე დღეს ვერ ვისაუბრეთ, რადგან იცით, ეს იქნება ფართო კონსენსუსის საგანი. ჩვენი მოლოდინები არის, რომ საქართველომ მიიღოს ის შედეგები, რომელსაც ჩვენ ძალიან ვიმსახურებთ, ჩვენი ქვეყნის ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი გვაძლევს იმის მოტივაციას, რომ ჩვენ მივიღოთ ის კონკრეტული შედეგი, რასაც ველოდებით. იყო ნამდვილად ძალიან ღია, ძალიან საინტერესო, დეტალური საუბარი. თუმცა განვითარების სცენარებზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრეთ, რადგან ეს არის ფართო განხილვის საგანი და დაგეგმილი ფაზები, რაც არის, პირველ რიგში დასკვნა, რომელიც უნდა მოამზადოს კომისიამ და შემდგომ უკვე საბჭომ იმსჯელოს განვითარების სცენარებზე. ჩვენი მხრიდან ყოველთვის არის საუბარი, რომ სამი ქვეყნის, ასოცირებული ქვეყნის ერთიანობა, მათთვის წახალისების მიღება ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ამას ჩვენ ყოველთვის ვამბობთ. რა თქმა უნდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღიად ისაუბრა ამაზე“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.