ილია დარჩიაშვილი - პრემიერ-მინისტრს ჰქონდა უმნიშვნელოვანესი გამოსვლა გაერო-ს ტრიბუნიდან, გზავნილები ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისთვის რამდენიმე მთავარ თემაზე იყო ფოკუსირებული
მთელი კვირის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები კოლეგებთან და დღეს უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს სახელით მიიღო მონაწილეობა დებატებში. გზავნილები, რომლებიც განკუთვნილია ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისთვის, იყო ფოკუსირებული რამდენიმე მთავარ თემაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით საუბრობდა, რომ საქართველოს არჩეული აქვს მშვიდობიანი პოლიტიკა, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზა.
„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა უმნიშვნელოვანესი გამოსვლა გაერო-ს ტრიბუნიდან. როგორც ცნობილია, საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სტუმრობს აშშ-ს. მთელი კვირის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები კოლეგებთან და დღეს უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს სახელით მიიღო მონაწილეობა დებატებში. გზავნილები, რომლებიც განკუთვნილია ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისთვის, იყო ფოკუსირებული რამდენიმე მთავარ თემაზე – პირველი, ეს შეეხებოდა ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს ოკუპაციიდან გამომდინარე. პრემიერ-მინისტრი ასევე ხაზგასმით საუბრობდა, რომ საქართველოს არჩეული აქვს მშვიდობიანი პოლიტიკა, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზა და ამისთვის საქართველოს ხელისუფლება, მისი მეთაურობით, აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს ერთადერთი გზით და ეს არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება;
მეორე მთავარი საკითხი, რომელზეც საუბრობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეს არის ჩვენი ევროპული მომავალი, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. ხაზგასმული იქნა, რომ საქართველოს ძალისხმევა არის უსაზღვრო იმისათვის, რომ საქართველომ წლის ბოლოსთვის მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომელიც არის შემდეგი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებით გავაგრძელოთ საერთო მიზნისკენ სვლა, საქართველოს მუდმივი, სრულფასოვანი წევრობისთვის ევროკავშირში და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.
ლოგიკურია, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგებზე და ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს რეფორმებს და ის შედეგები, რომლებზეც საუბრობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ის საერთაშორისო რეიტინგები, მომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან დიდ ძალისხმევას წევს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, იყოს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი და ეს ასევე გაგრძელდება მომავალში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი საუბრობდა ხელისუფლების დიდი ძალისხმევის შესახებ, რომელიც ემსახურება რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე საუბრობდა ჩვენი ხელისუფლების დიდი ძალისხმევის შესახებ, რომელიც ემსახურება ჩვენს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას, მშვიდობის უზრუნველყოფას და ჩვენს როლს, იმისთვის, რომ ჩვენ დავეხმაროთ ჩვენს სამხრეთელ მეზობლებს, რომ მათ შეძლონ, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ესოდენ სჭირდება ჩვენს რეგიონს, რადგან განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობა ვერ იქნება, თუ არ იქნება ჩვენს რეგიონში მშვიდობა, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებითაც გააგრძელებს ძალისხმევის გაწევას.
ზოგადად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქცენტი შეეხებოდა იმ ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, იმ შედეგებს, რომლებიც ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში დასადგურებულმა მშვიდობამ მოიტანა, ეკონომიკურმა განვითარებამ, და ეს მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი ქვეყნის აშენება და ჩვენ ამ მიმართულებით მომავალშიც გადავდგამთ ნაბიჯებს.
ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი ხალხის, უკრაინის მისამართით და ისაუბრა იმ ძალისხმევაზე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია იმისთვის, რომ ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს და უკრაინას აღმოვუჩინოთ დახმარება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. ეს მომავალშიც გაგრძელდება. საქართველო ერთგულია იმ ძირითადი პრინციპების და ღირებულებების, რომელზეც გაერო და ეს ორგანიზაცია დგას და ჩვენ ვართ სრულფასოვანი და ღირებული წევრი საერთაშორისო საზოგადოების, რომელიც საერთაშორისო პრინციპებს და ღირებულებებს იცავს.
ჩემი საუბრის დასაწყისში ვსაუბრობდი ორმხრივ შეხვედრებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ასევე ემსახურებოდა ჩვენს ევროპულ მომავალს. ევროპელ კოლეგებთან მთავარი აქცენტი იყო სწორედ ამაზე გამახვილებული, ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაერო-ს გენერალურ მდივანთან, რომელმაც არაერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა ის ბრძნული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.