ილია დარჩიაშვილი - პრემიერ-მინისტრმა ბრატისლავაში ნატო-სთან დაკავშირებით თქვა ის, რაც ყველასთვის ცნობილია, რაც ახალი არ არის და ეს ჩვენ სხვა ლიდერების მხრიდანაც მოგვისმენია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრატისლავაში თქვა ის, რაც ყველასთვის ცნობილია, რაც ახალი არ არის და ეს ჩვენ სხვა ლიდერების მხრიდანაც მოგვისმენია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
დარჩიაშვილმა უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თინა ბოკუჩავას კითხვას, რომელიც ეხებოდა ბრატისლავაში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნატო-სთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
დარჩიაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ ნათქვამი მსგავსი შინაარსის განცხადებები სხვა ლიდერების მხრიდანაც მოგვისმენია.
„ქალბატონო თინა, თქვენი კითხვა შეეხებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრატისლავაში გაკეთებულ ერთ-ერთ კომენტარს. პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ არ არის კარგი საქმე და არ ეხმარება საქართველოს კეთილდღეობას, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის შესახებ პოზიტიური აღქმების შექმნას ჩვენს პარტნიორებში, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნათქვამის ინტერპრეტირება ხდება. ის, რაც თქვა პრემიერ-მინისტრმა, შეგიძლიათ, მსგავსი განცხადებები მოისმინოთ სხვა ლიდერების მხრიდან. პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რაც ყველასთვის ცნობილია და ის, რაც ახალი არ არის, ეს ჩვენ სხვა ლიდერების მხრიდანაც მოგვისმენია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.