ილია დარჩიაშვილი პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟოაო გომეშ კრავინიოს შეხვდა
2023 წლის 20 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟოაო გომეშ კრავინიოს შეხვდა.
მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და პორტუგალიის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე.
ილია დარჩიაშვილმა ჟოაო გომეშ კრავინიოს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, ლუზოფონურ ქვეყნებში, არაღიარების პოლიტიკის განხორციელების კუთხით, პორტუგალიის პოზიციის კრიტიკული მნიშვნელობა.
ილია დარჩიაშვილმა პორტუგალიელ კოლეგასთან განიხილა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პორტუგალია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.